- თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონების დაუფლების მიზნით, ნაცნობის მეშვეობით ყალბი ე.წ. კრების ოქმი დაამზადა, რითაც თითქოსდა ამხანაგობის წევრთა კრების ხმების 100%-იანი თანხმობით, მას საკუთრებაში ავტოფარეხი გადაეცა. ბრალდებულმა აღნიშნული დოკუმენტი საჯარო რეესტრში წარადგინა და უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაცია მოახდინა, რამაც დიდი ოდენობით, 45 000 ლარის ზიანი გამოიწვია.
ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.”-აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

