პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

  • საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს, ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ორ პირთან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადა პოლიციის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *