სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯაშუშობისთვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით, ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით.

გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული, ონლაინპლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე, ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით, დაკავებული პირი პერიოდულად გადადიოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას უცხო ქვეყნების სადაზვერვო ქსელების სხვა წევრების გამოვლენისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *