პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

  • საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, დასაქმების გვერდებზე სისტემატურად საჯაროდ ათავსებდა სარეკლამო შეთავაზებებს, თითქოს მოდელებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად ეძებდა. აღნიშნული გზით, იგი მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულს სექსუალური ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.”-ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *