- ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.
ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ანთავსებს. „დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ – საინფორმაციო ბანერზე ტურისტებს საშუალება აქვთ QR კოდის საშუალებით, გაეცნონ ტყეში უსაფრთხოების წესებსა და იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობის და კოცონის დანთების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული. საინფორმაციო ბანერი მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელწმიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება.
„საინფორმაციო – გამაფრთხილებელ ნიშნებს ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე ვანთავსებთ, რათა მაქსიმალურად დავაზღვიოთ ხანძრის გაჩენის რისკები. როგორც მოგეხსენებათ, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა“ – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 – დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს

