14 სექტემბრიდან აბიტურიენტებს ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული ბუკლეტი – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.

„ცნობარში მოცემულია დეტალური ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ.

პროგრამების ასარჩევად 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი – „ერთიანი ეროვნული გამოცდები – მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს  სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.

პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:

საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
პროგრამის სწავლის საფასური; ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.

აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.

ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *