- მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მესამე ეტაპი დაიწყო.
პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 2 ნოემბრიდან – 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აღნიშნულ პროგრამას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომელიც გასულ წელს დაიწყო და უკვე 80 – მდე მეწარმე დაფინანსდა.
თანადაფინანსების ჯამურმა მოცულობამ მილიონ ლარს გადააჭარბა.
მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი და თითოეული ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარიდან – 50 000 ლარამდე გაიზარდა, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი და გაზარდონ წარმოების მასშტაბი.
პირობები გაუმჯობესდა და კიდევ ერთი სიახლე შეემატა. თუ წინა ეტაპზე ფინანსდებოდა საწარმო, რომლის წლიური შემოსავლის ზედა ზღვარი 500 000 ლარი იყო, ახლა პროგრამით სარგებლობა 1 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებსაც შეუძლიათ.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის შეძენა სურთ.
პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით თანდართულ ბმულზე – https://tbilisi.gov.ge/news/18709
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

