- შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: შვიდი პისტოლეტი, რევოლვერი, ხელყუმბარები, მჭიდები და რამდენიმე ასეული ვაზნა.
სამართალდამცველების მიერ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

