თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 ივლისს დაიწყება

  • თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, სამ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.

„პირველი ეტაპი დაიწყება 10 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 16 ივლისის 00:00 საათამდე. პირველ ეტაპზე, დარეგისტრირდებიან მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; დ) მარტოხელა მშობლის შვილი; ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები; ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები; მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეგისტრაციის მეორე მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და 24 ივლისის 00:00 საათამდე გასტანს.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, თბილისის მერის განმარტებით, ის გულისხმობს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც 25 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

„რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო- სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება ორი წელი. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *