მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის მიმდებარედ, მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა ხრამულის სახეობის 28 კილოგრამზე მეტი თევზი.

“ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს; მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, 2025 წელს, მხოლოდ შიდა ქართლში, თევზჭერის წესების დარღვევის 57 ფაქტია გამოვლენილი.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *