მიხეილ სააკაშვილის პირველი განცხადება ციხეში გადაყვანის შემდეგ

  • ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო – ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც,- ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ეს ყველაფერი მოსკოვთან არის შეთანხმებული.

“ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით ” აბა დღეს ვის რა ვავნო”, ხოდა ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში.

გუშინ რა თქმა უნდა გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში, მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი.

მადლობა “ვივამედის” იმ ექიმებს რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის.

ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას.

რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც, ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ.

საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპირება (როგორც ყველა სხვა), ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან.

საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და ასევე საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.

ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.

დღეს მინდა ვუთხრა ადამიანებს, ის რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი – არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!

დიდება თავისუფლებას! Слава Україні!”-წერს სააკაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *