- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება.
“4 ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, გათვალისწინებულია სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სააგენტომ, რუსთავში, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასების პროცესი უკვე დაიწყო. თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წინასწარი ქულა მიენიჭება.
რუსთავში, იძულებით გადაადგილებული 800 ოჯახის განსახლება მომდევნო წელს იგეგმება.”-აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

