- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ვიზის მიღებისა და შესაბამის ქვეყნის საელჩოში წარსადგენად ერთ-ერთ პირს დაუმზადა და 700 აშშ დოლარად გაასაღა ტრანზაქციების თაობაზე ყალბი საბანკო ამონაწერი, ასევე, დასაქმებისა და შემოსავლის შესახებ ყალბი ცნობა.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.