- საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა.
სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, 2020 წელს გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის (ე.წ. „პივიტის“) შედეგები, გაევრცელებინათ ყალბი ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებულმა ყალბმა დასკვნამ და განცხადებამ „ყველაზე ცუდი არჩევნების“ შესახებ შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟს და არჩევნების შედეგების არაღიარებას, რის საფუძველზეც რადიკალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ და ქვეყანას მთელი ერთი წლის მანძილზე მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს.
ისინი რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ 2022 წლის ივნისში მოექცნენ, როდესაც მათ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ ვერმიღების საბაბით, მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც საკვანძო თანამდებობები თავად უნდა დაეკავებინათ. მაშინ მდიდარი „ენჯეოები“ ვა-ბანკზე წავიდნენ და საკუთარი პოლიტიკური შინაარსი და რადიკალური დღის წესრიგი სრულად გააშიშვლეს, რადგან შედეგის მიღწევისა და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი ჰქონდათ. თუმცა, საბედნიეროდ, საზოგადოების გამოცდილებისა და პრაგმატულობის წყალობით, რევოლუციური სცენარი არ შედგა. სამაგიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ მიიღო სრული ინფორმაცია ე.წ. არაასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური და რადიკალური დღის წესრიგის შესახებ…”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი განმარტებით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით.
“ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.”-აღნიშნა მდინარაძემ.