საქართველოს მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს

  • ,,საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა ქუთაისსა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ვფიქრობთ, ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ორი საუნივერსიტეტო ცენტრის შექმნა. რაც მთავარია, ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც გააძლიერებს განათლების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო.

საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო  ღონისძიებების განხორციელება,  ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.

მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და  რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის, ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას.

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება – 210 მილიონი ლარი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, განხორციელდება 2026–2032 წლებში.

თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქები შექმნის  ახალ, ხარისხიან სივრცეებს ათიათასობით სტუდენტისთვის და განავითარების  რეგიონების პოტენციალს.

ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *