- საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.
ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას.

