სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

  • სახალხო დამცველი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 17 დეკემბერს მიღებულ კანონს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“.

კანონპროექტის ინიციირების დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი, უფლებამოსილების შესაბამისად, აქტიურად იყო ჩართული განხილვის პროცესში.

მან სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები. სახალხო დამცველის მიერ კანონპროექტის შეფასების პროცესში შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის გამოცდილება, მსგავსი დაწესებულებების მქონე სახელმწიფოების მიმართ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნითი შენიშვნები და კომიტეტის მიერ გამოკვეთილი რეკომენდაციები.

საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ფორმატში განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვისა და მათი ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობის მიზნით“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *