- საქართველოს სახალხო დამცველმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები მიქელიანი, ქურქუშაანი და ზემო შუახევი მოინახულა, მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა განცხადებით, განსაკუთრებულ პრობლემას მოსახლეობის მიგრაცია წარმოადგენს, ახალგაზრდები სოფლებში აღარ ჩერდებიან და უახლოეს პერიოდში შესაძლოა სკოლები და ბაგა-ბაღები სრულიად დაცარიელდეს.
“ამას გარდა, აქვთ ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. კერძოდ, სამივე სოფლის მოსახლეობა სახალხო დამცველთან საუბარში გაზიფიცირების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობის მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას. ასევე გამოიკვეთა ინდივიდუალური საჭიროებებიც, მათ შორის, სოციალური დახმარებების თვალსაზრისით.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფლები საოკუპაციო ხაზთან არის განლაგებული, ბოლო წლებში ადამიანთა გატაცებისა და დატყვევების ფაქტები არ დაფიქსირებულა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში,

