სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

  • თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულ 5-ივე ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა (SALMONELLA) აღმოაჩინეს, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საშაურმეში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირებისას ასევე, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

„თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელა (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907).

შემოწმებისას, ინსპექტორებმა, სალმონელაზე კვლევის მიზნით, აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა (SALMONELLA).

შედეგად, საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც, ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *