- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს.
საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად მიიღო.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, სააგენტომ თითოეული ოჯახის სოციალური მდგომარეობა, რომელთა ქულაც ბინების რაოდენობის გათვალისწინებით ექვემდებარებოდა მონიტორინგს, ადგილზე შეისწავლა.
შესწავლილი განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინა. ბინების განაწილების პროცესი ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.
ამ ეტაპზე, სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში, ნიკეასა და შერვაშიძის ქუჩებზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავ რჩება მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს