შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ოზურგეთში აბიტურიენტებს შეხვდა

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა აბიტურიენტებთან და მაგისტრანტობის კანდიდატებთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში გამართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმ აპლიკანტებს, რომლებმაც გამოცდებზე რეგისტრაციის საფასური დროულად გადაიხადეს, შესაძლებლობა აქვთ 11 მაისის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია და დააზუსტონ საკუთარი მონაცემები, მათ შორის შეცვალონ ან აირჩიონ საგამოცდო ქალაქი. ასევე, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად არჩევანი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ.

მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის პროცესში ყურადღება გამახვილდეს ძირითად კრიტერიუმებზე, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობაზე, სწავლის საფასურზე, საგამოცდო კოეფიციენტებზე, სწავლების ადგილზე, მინიმალური კომპეტენციის ზღვარსა და პროგრამებზე დაწესებულ სპეციალურ მოთხოვნებზე.

შეხვედრის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს მონაწილეთა შეკითხვებს, რომლებიც საგამოცდო პროცედურებს, ჩარიცხვის წესს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა. საუბარი შეეხო გამოცდებისათვის მომზადების პროცესში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს.

აპლიკანტთა ინფორმირების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კვლავ გაგრძელდება.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *