- შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად, უკანონო დათესვა- მოყვანა-კულტივირების, აღნიშნულ დანაშაულში დახმარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირი დააკავეს.
შსს ინფორმაციით, დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული ლ.მ. , 1989 წელს დაბადებული დ.მ., 2001 წელს დაბადებული რ.ჩ.; 2003 წელს დაბადებული ხ.ს. და 1978 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ. ჩ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“-ს უკანონო დათესვა – მოყვანასა და კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი მცენარე „კანაფს“-ს, საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.
სამართალდამცველებმა სასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის” 1337 ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს , ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი “მარიხუანა” და „მარიხუანას” დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 25-265-ე პრიმა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.