გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკს 22 ახალი ავტომობილი შეემატა

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ავტომობილები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ დაათვალიერეს. პიკაპის ტიპის 22 ახალი ავტომობილი დედაქალაქის და რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ.

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი პიტერ ფიშერი ესწრებოდა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, ფაქტობრივად, გასამმაგდა. იმისათვის, რომ დეპარტამენტმა სრულფასოვნად და ოპერატიულად შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი და თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობები. დღეს არსებული მდგომარეობით, ჩვენი გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფები შესაბამისადაა აღჭურვილი, თუმცა, ტექნიკური გაძლიერების და განახლების მიმართულებით მუშაობა რეგულარულად მიმდინარეობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე ვახორციელებთ ტექნიკურ გადაიარაღებას, რაც გულისხმობს ფოტოხაფანგების, ვიდეო რეგისტრატორებისა და კონტროლის სხვა თანამედროვე მექანიზმების დანერგვას. ჩვენი საბოლოო მიზანია, მაქსიმალურად ეფექტიანად შევძლოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობა და მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზიანი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

„კაცობრიობა მდგრადობის კრიზისის წინაშე ვდგავართ. გერმანიასა და საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორობა აქვთ გარემოსა და კლიმატის დაცვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტყის მენეჯმენტის სფეროში. ამ თანამშრომლობის დასტურია მანქანების გადაცემა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის, რაც სატყეო სექტორის რეფორმის ნაწილია. ტყეების მდგრადობა არის გასაღები მრავალი სხვა კლიმატური ცვლილების გამოწვევის დაძლევისთვის და ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა.

10 ერთეული „მიცუბიში L-200“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოში (GIZ) პროექტის – ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia-ს ფარგლებში იქნა შეძენილი. ხოლო 12 ერთეული ავტომობილის შესაძენად სახელმწიფო საბიუჯეტო თანხები მობილიზდა.

„ახალი „მიცუბიში L-200“ აღჭურვილია „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებას იძლევა. ტექნიკური გაძლიერება საპატრულო ეკიპაჟებს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელონ ეფექტიანი კონტროლი როგორც უკანონო ტყითსარგებლობის, ისე უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის მიზნით“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემატა, ხოლო 2021 წელს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟებისათვის 5 ერთეული „მიცუბიში L-200“ იქნა შეძენილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის „ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ დირექტორი ლუტს იარჩინსკი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის წარმომადგენლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *