გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკანონო ტყითსარგებლობის 1 705 ფაქტი გამოავლინა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 705 ფაქტი გამოავლინეს.

მათ შორის, 1 369 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 336 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან, 135 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 417 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 237 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 206, სამცხე-ჯავახეთში – 153, ქვემო ქართლში – 130, აჭარაში – 70, შიდა ქართლში – 63, მცხეთა-მთიანეთში – 37, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 26, გურიაში კი 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6 თვეში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 12 ფაქტი აღკვეთეს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 934 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 287 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 49 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.