- კომუნიკაციების კომისია, სკოლებისა და უნივერსიტეტების შემდეგ, მედიაწიგნიერების დანერგვას უკვე სკოლამდელ განათლებაში იწყებს. ამ მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ თარგმნა და გამოსცა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღებს ეტაპობრივად გადასცემს.
„კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების დანერგვა სკოლამდელ განათლებაში, ისევე, როგორც განათლების ყველა საფეხურზე“, – აღნიშნავენ კომუნიკაციების კომისიაში.
გზამკვლევი, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა, ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) მიერ არის შემუშავებული და ფინეთის ეროვნული განვითარების პროგრამის ფარგლებშია გამოქვეყნებული. კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, სახელმძღვანელოს შექმნასა და ქართულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იმუშავეს.
პროგრამა ბაღის მასწავლებლებს ადრეულ, სკოლამდელ და დაწყებით განათლებაში მედიაწიგნიერების, პროგრამირებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კომპეტენციის განვითარების ინსტრუმენტებს სთავაზობს. გზამკვლევი სამი ნაწილისგან შედგება: მედიის გაგება და შეფასება, მედიის შექმნა და მედიაგარემოში ნავიგაცია. რესურსი პრაქტიკულ მაგალითებს და სწავლების კონკრეტულ მეთოდებს მოიცავს.
როგორც კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, აღნიშნული რესურსი მორგებულია ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს და თანხვედრაშია საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებთან.
„სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და მათი აღმზრდელებისთვის ამ დრომდე არ არსებობდა რაიმე რესურსი, რომელიც დაეხმარება თამაშზე დაფუძნებულ, მარტივად შესასრულებელ და ბავშვზე მორგებულ მედიააქტივობებს. კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი გზამკვლევი ხელს შეუწყობს ბავშვის კომუნიკაციის, შემოქმედებითობის, ემოციური ინტელექტისა და სოციალური უნარების განვითარებას. აღნიშნული რესურსის საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირება ხელს შეუწყობს ბავშვებში უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მედიაქცევის ჩამოყალიბებას, ხოლო მეთოდისტებს მისცემს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, სწორედ ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ თანამედროვე ციფრული გარემოს გამოწვევებზე რეაგირებისთვის ბავშვების მომზადება.
კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების დანერგვა სკოლამდელ განათლებაში. მცირე ასაკიდანვე ბავშვები მუდმივ ურთიერთობაში არიან მედიაშინაარსთან – ტელეფონით, ტელევიზორით, ინტერნეტით, შესაბამისად, აქტუალურია სკოლამდელ დაწესებულებებში მედიაწიგნიერების კომპონენტის დანერგვა. ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული უნარები მათ ეხმარება უსაფრთხოდ, გააზრებულად და ასაკის შესაბამისად გამოიყენონ მედია, შეაფასონ ინფორმაცია და განივითარონ კრიტიკული აზროვნება“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

