- შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი მასშტაბური რეაბილიტაციისთვის ემზადება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.
პროექტის დაწყებამდე სააგენტომ უზრუნველყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კომპლექსის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო კვლევები, შეფასდა დაზიანებები და განისაზღვრა კონსერვაციის მეთოდოლოგია.
რეაბილიტაციის შედეგად აღმოიფხვრება ძეგლის დამაზიანებელი ყველა ფაქტორი: განხორციელდება ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაცია, სრულად შეიცვლება გადახურვა და მოეწყობა წყალარინების სისტემა.
პროექტირების დეტალები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თეა ონიანმა, და შპს „Arch-R ჯგუფის“ დირექტორმა, გურამ სუთიძემ გააცნეს. შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი მაცხოვრისა და ზარზმის სახელობის ტაძრებს, სამრეკლოსა და გალავანს მოიცავს. მისი მთავარი ნაგებობებია XII-XIV საუკუნეების მაცხოვრის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა და XVI საუკუნეში ვახტანგ გურიელის მიერ აგებული ზარზმის გუმბათიანი ტაძარი.

