პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

  • საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ოფიციალური წარმომადგენელი იყო და შეეძლო გრანტის სახით 5 000 000 აშშ დოლარის მიღება, რომლითაც დაზარალებულს შესაძლებლობა ექნებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულისთვის კი დაზარალებულს მისთვის წინასწარ უნდა მიეცა 100 000 დოლარი და არარსებული ვალი, 50 000 აშშ დოლარი უნდა ეღიარებინა, რაც თითქოსდა გრანტის მიღებისთვის დამატებითი გარანტია იქნებოდა. დაზარალებულმა ბრალდებულს თანხა გადასცა და ვალიც აღიარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *