საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ

  • ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებისთვის საპარლამენტო ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით და თანამშრომლობით, შევიმუშავეთ საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გარდატეხისა და ძირეული რეფორმებისთვის საჭიროა უფრო სიღრმისეული ცვლილებები, რაც ასევე იქნა მომზადებული ჩვენს მიერ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის შექმნილ სამუშაო ფორმატში. თუმცა, 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის, ხელისუფლებას ვთავაზობთ არა ყველა იმ პროექტს, რომელიც შევიმუშავეთ ჩვენს სამუშაო ფორმატში, არამედ, იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც შეჯერებულია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში შესასრულებლად.

პრინციპულად მიგვაჩნია დეპოლარაზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში (შარლ მიშელის დოკუმენტი) დაბრუნება და შესრულება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება. ასევე, პრინციპულია საარჩევნო კოდექსის ცვლილება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ჩარჩოს მიხედვით.

სასამართლოს მიმართულებით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო კვალიფიკაციის და რეპუტაციის წევრების არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის დაწყება, გასული წლის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებული დამაზიანებელი რეგულაციების გაუქმება და სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობა.

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით დაინიცირებულია ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. ხოლო მედია მიმართულებით – 5-6 ივლისის საქმის ეფექტური გამოძიება, მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებების და სასამართლო პროცესების შეწყვეტა, ალტერნატიული წინადადების წარდგენა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

შესაბამისად, თუ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს რეალურად სურთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ლოგიკურია გაიზიარონ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მინიმალისტური და კომპრომისული ვარიანტი და არ შეუქმნან საფრთხე ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსის არმიღების სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი ამ ნაბიჯით ერთ მხარეს რჩება ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები, ხოლო მეორე მხარეს – „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი.

ვთვლით, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღება და შემდგომში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები არიან: “ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო”, “რესპუბლიკური პარტია”, თამარ ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ კორძაია, ნატო ჩხეიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.