საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის ვიცე-პრემიერი ესტუმრება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოწვევით, 30-31 იანვარს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

“ვიზიტის მიზანია სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ურთიერთობების განვითარება საქართველოს მთავრობის სხვა შესაბამის უწყებებთან და სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების დასახვა.

ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელთან და სხვა პარლამენტარებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ვიზიტი აგრეთვე ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მონახულებას.

შეხვედრების ფარგლებში იგეგმება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმდინარეობის გაცნობა, ასევე ინფორმაციის გაცვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული ვითარების თაობაზე”.-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *