საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა

  • საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კულტურის სამინისტრომ ეს კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა. აქამდე, ობიექტური მიზეზების გამო, ათწლეულების მანძილზე, სახელმწიფოს საცირკო ხელოვნების ხელშეწყობისთვის არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები. ამ ხარვეზზე არაერთხელ მიაქციეს სამინისტროს ყურადღება დაინტერესებულმა პირებმა და, ასევე, დეპუტატებმა “მინისტრის საათის” ფორმატში.

კონკურსის, „ცირკის განვითარების ხელშეწყობა“, მიზანია საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში მოქმედი ცირკის პროფესიული თუ სამოყვარულო დასების, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის გზით. კონკურსის ბიუჯეტია 80 000 ლარი.

კონკურსის ფარგლებში მიიღება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს პროფესიული თუ სამოყვარულო საცირკო დასების, მათ შორის – მობილური საცირკო დასები, ე.წ. შაპიტოს, ჯგუფებისა და დამოუკიდებელი არტისტების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საჭირო (შემოქმედებითი, სასწავლო და/ან მატერიალურ-ტექნიკური) ხარჯით უზრუნველყოფას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც აქვთ საცირკო ხელოვნების ნებისმიერ ჟანრში საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილება. კონკურსში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც წინასაახალწლოდ გამართავს საცირკო წარმოდგენებს საქართველოს რეგიონებში. კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია.

საკონკურსო დოკუმენტები უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მათი ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა). საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შეუძლია კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრის 12:00 საათამდე ან ნაბეჭდი სახით სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონულ ფოსტაზე info@culture.gov.ge. კონკურსის შესახებ კონსულტაციების მიღება შეიძლება ტელეფონით, ნომრებზე: 032 2 02 22 29 ან 551 58 94 97.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh

ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *