- საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის-ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი–სარფის ახალი გზა საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური დერეფნის დასავლეთის ბოლო მონაკვეთია.
უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ სიგრძის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზის, 7.6 კმ სიგრძის გვირაბისა და 3 ხიდის მშენებლობას, მათ შორის მოეწყობა 1.47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი
“7.6 კმ სიგრძის ბათუმი–სარფის გვირაბი, ქვეშეთი–კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის შემდეგ, საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება.
ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს უშუალოდ დაუკავშირდება. შედეგად, საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადაერთვება
პროექტის ღირებულება 809 მილიონ ლარზე მეტია, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 48 თვე. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

