“გამჭვირვალობა” – აჭარაში თანამდებობის პირების კუთვნილ მშენებლობებთან დაკავშირებით კითხვებია

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, აჭარაში თანამდებობის პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მიმდინარე და დასრულებული უნებართვო მშენებლობების ფაქტები გამოავლინეს.

“2022 წელს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ნაკაშიძემ სახლის სარემონტო სამუშაოებზე 2021 წელს 18,000 ლარი დახარჯა. სახლი სოფელ არსენაულში, ქედის ცენტრალურ ნაწილთან სიახლოვეს მდებარეობს. როგორც Google Earth-ის მონაცემებიდან ჩანს, სახლის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. მაშინ ედუარდ ნაკაშიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილებაში მუშაობდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მინისტრის მოადგილეს სახლის მშენებლობის ნებართვა, ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან ჯერ კიდევ 2022 წლის 7 სექტემბერს გამოითხოვა, თუმცა არაერთგზის შეხსენების მიუხედავად, მერიიდან პასუხი არ მიგვიღია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაციამ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის მეუღლის სავარაუდო უნებართვო მშენებლობების ფაქტიც გამოავლინა.

„ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის მეუღლემ, ირმა გოგიტიძემ 2020 წელს ქობულეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა #224-ის მიმდებარედ, სავარაუდოდ, უკანონოდ აწარმოა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, საცხოვრებელ სახლს დააშენა სართულები, რითაც მისი საერთო ფართობი 5-ჯერ გაიზარდა. ამ ფაქტს ადასტურებს საკადასტრო რუკის მონაცემები და დავით მჭედლიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები: 2020 წლის 23 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში ამ საცხოვრებელი სახლის საერთო ფართად მითითებულია 600 კვ.მ, ხოლო 2021 წლის 28 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია 3023,3 კვ.მ. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში განთავსებულია საოჯახო სასტუმრო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც ორგანიზაცია ამახვილებს ყურადღებას, აჭარის მთავრობის აპარატის მაღალჩინოსნის, ლაშა ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილი სასტუმრო „ხულო ინნ-ია“.

„აჭარის მთავრობის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ლაშა ბოლქვაძის მამამ, ტარიელ ბოლქვაძემ სასტუმრო „ხულო ინნ-ის“ მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 7 სექტემბერს მიიღო – ამ დროს მშენებლობა უკვე დასრულებული იყო და მიმდინარეობდა ფასადის მოპირკეთების სამუშაოები. სასტუმრო ხულოს ცენტრთან ახლოს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პირას მდებარეობს. მიწის ნაკვეთს, რომელზეც სასტუმრო აშენდა, ტარიელ ბოლქვაძე 2011 წლიდან ფლობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, მათ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის, თემურ ყურშუბაძის მეუღლის სავარაუდო უნებართვო მშენებლობის ფაქტიც გამოავლინეს.

„თამილა დუმბაძემ, რომელიც სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის, თემურ ყურშუბაძის მეუღლეა, 2020 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში საკუთრებაში არსებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სავარაუდოდ, უკანონოდ 2 ახალი შენობა-ნაგებობა ააშენა და არსებულ 2 შენობა-ნაგებობაზე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სავარაუდოდ, უნებართვოდ აწარმოა. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციების მოწოდების მიზნით 2022 წლის 21 სექტემბერს მივმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას. პასუხი დღემდე არ მიგვიღია, რაც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ მასზე მუნიციპალიტეტიდან ნებართვა შესაძლოა გაცემული არ იყოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *