გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა სოფელ გოგნიაურში სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეები.

„ტერიტორიიდან ამოღებულია 39 ერთეული მგვალი ხე-ტყე (მორი). შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა. მიმდინარე წელს, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სამოქმედო ტერიტორიაზე, უკანონო ტყითსარგებლობის 140-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. სისტემური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *