ეკა დარასელია პროფესიული განვითარების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას აპირებს

  • ზუგდიდელი ეკატერინე დარასელია, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის ერთ-ერთ კლინიკაში ნევროლოგიის განყოფილებაში მუშაობს ექიმად. ამბობს, რომ ექიმის პროფესია ბავშვობიდან იზიდავდა და არცაა გასაკვირი, ეკა ცნობილი ზუგდიდელი სტომატოლოგის შოთა დარასელიას ქალიშვილია. დედა ზამირა ღადუა, წლების მანძილზე, ზუგდიდელი ახალგაზრდების ლიდერი იყო, ახლა კი, საჯარო მოხელეა კულტურის სფეროში. ეკამ ექიმობა აირჩია, მაგრამ ადამიანებზე ზრუნვის წესები, დიდი დოზით, ორივე მშობლისგან მიიღო.

ეკატერინე დარასელია: ‘დავამთავრე ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა. შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ყოველთვის მქონდა სურვილი სწავლა გამეგრძელებინა უცხოეთში. მეგობრის რჩევით, ასე აღმოვჩნდი გერმანიაში, კერძოდ ქალაქ ჰანოვერში. დასაწყისში ვმუშაობდი ერთ-ერთ გერმანულ ოჯახში, ბავშვებთან. შემდეგ განსხვავებული შესაძლებლობის ადამიანებთან ერთ-ერთ დაწესებულებაში და ამ ყველაფრის პარალელურად, ვსწავლობდი გერმანულ ენას. გამომდინარე იქედან, რომ გერმანიამ, ჩემი დიპლომის მხოლოდ 9 სემესტრი აღიარა, გერმანული ენის გამოცდა ჩავაბარე. შემდეგ საბუთები გავაგზავნე გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში და არჩევანი შევაჩერე გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტზე, გოთინგენში (Georg- August Universität Göttingen). სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობა დავიწყე ჰანოვერის ერთ-ერთ კლინიკაში (KRH Klinikum Nordstadt), ნევროლოგიის განყოფილებაში.

-ეკა, ექიმის პროფესია რთულია და ხშირად დაუფასებელი… მართლა უნდა გიყვარდეს ეს საქმე…

-ექიმის პროფესია ბავშობიდან ახლოს იყო ჩემთან. ექიმია მამაჩემი, შოთა დარასელია, ექიმები იყვნენ, ბიძა ელგუჯა დარასელია, მამიდა ნანი დარასელია. ექიმები არიან დეიდა მადონა ღადუა, მამიდაშვილები: მარინა (მაკა) ჭანტურია თოდუას კლინიკაში ნევროლოგია, მეორე მამიდაშვილი თამარ შერვაშიძე სტომოტალოგია, პეტერბურგში და ამ პროფესიისადმი სიყვარული მთელი ბავშვობა თანმდევდა. დიახ, გეთანხმებით, ექიმის პროფესია რთულია და ხშირ შემთხვევაში დაუფასებელი, მაგრამ ძალიან ჰუმანური,..

-პირველად, თეთრი ხალათი რომ ჩაიცვით, რა გრძნობა გქონდათ?

-პირველ რიგში, ალბათ პასუხისმგებლობა და მოტივაცია იმისა, რომ მუდამ ვიფიქრო განვითარებაზე და ცოდნის გაღმავებაზე, რომ პაციენტებისთვის ვიყო სანდო. ადამიანი, ვინც მათ ნამდვილად დაეხმარება და ყოველთვის არის მოწოდების სიმაღლეზე. ექიმი უნდა იყოს მაღალი პასუხისმგებლობის  მქონე, ჰუმანური და ასევე პაციენტის უფლებები უნდა იყოს მისთვის პრიორიტეტული. ზოგადად, მიყვარს, როცა ვეხმარები სხვას, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მინდა იმდენი შესაძლებლობა და განვითარების საშუალება მქონდეს, რომ მეტ ადამიანს აღმოვუჩინო დახმარება.

-კლინიკაში, სადაც თქვენ იმყოფებით, ქართველები თუ მუშაობენ?

-დიახ, მუშაობს ორი ჩემი ახლო მეგობარი. ნატა ლოდია, ანესთეზიოლოგი, ინტენსიური მედიცინის ექიმი და თამთა ლაზარიაშვილი ნევროლოგი. სამივე ერთად ვსწავლობდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სხვადასხვა კურსზე, თუმცა ერთ ფაკულტეტზე. სწორედ ნატას რჩევამ მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გერმანია იყო სწორი არჩევანი, ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ მისი. 

-როგორია გერმანიიდან დანახული საქართველო?

-პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი და გამორჩეული თავისი კულტურით.

-პანდემიას, როგორ უმკლავდება გერმანია…

-გერმანიაში მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია და შეძლებისდაგვარად მკაცრად იცავენ რეგულაციებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია პანდემიურ რეჟიმში ვცხოვრობთ.

-გერმანიაში მყოფ ქართველებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

-დიახ, გვაქვს ჩვენი სამეგობრო წრე და მათ შორის არიან ზუგდიდიდან. გოჩა ლაგვილავა თავისი ოჯახით და ირაკლი ყურაშვილი.

–გერმანელებისგან, ქართველების რომელი თვისების გადმოტანას ისურვებდით?

-ალბათ პუნქტუალურობას, დროის ფასს და შრომისმოყვარეობას.

–მშობლებზე, ოჯახზე მოგვიყევით…

-როგორც გითხარით, მამა შოთა დარასელია ექიმი-სტომატოლოგია, დედა ზამირა ღადუა, ზუგდიდის მერიაში განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსის მოადგილე. ასევე მყავს უფროსი ძმა, ელგუჯა დარასელია, რძალი თეონა გაბედავა -ისინი იურისტები არიან. და ორი ძმისშვილი, ელენე და შოთა დარასელიები. ვთვლი, რომ ძალიან შეკრული ოჯახი გვაქვს, ვითვალისწინებთ ერთმანეთის რჩევებს, პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს და ყოველთვის ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. ჩემთვის, ჩემი ოჯახი ყოველთვის იყო, არის და იქნება ძლიერი საყრდენი. მშობლები ყოველთვის იყვნენ ჩემი და გუჯას მოტივატორები. უფალს შევთხოვ, რომ დიდხანს მყავდნენ ჯანმრთელები და ბედნიერები.

მე, ჩემს წარმატებებს, პირველ რიგში უფალს, შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებს ვუმადლი, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, რომ წამოვსულიყავი გერმანიაში მარტო. და ამ არც თუ ისე მარტივი გზის გავლაში არ მაკლებნენ თანადგომას და მოტივაციას. ასევე ჩემს მეგობარს, ნატას, რომელიც როგორც გითხარით, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, მიდგას გვერდში და ყველა ჩემი ემოციის და განცდის გამზიარებელია.

-დატვირთული დღის შემდეგ, განტვირთვას, როგორ ახერხებთ?

-პანდემიამდე ვთამაშობდი ფრენბურთს, ასევე ვატარებდი თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან. მართალია, კორონამ ძალიან ჩაგვკეტა სახლებში, მაგრამ როცა ვახერხებთ, მაინც ვხვდებით მეგობრები ერთმანეთს.

-თქვენი სამომავლო გეგმები…

პროფესიული განვითარება და სამშობლოში დაბრუნება.

-წარმატებებს გისურვებთ.

მასალა მოამზადა: ეკა ფარულავამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *