- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს. 7 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა.
უწყების ცნობით, მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი ღირებულება 191 012 850 ლარს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს – საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა.
ინფორმაციისთვის: იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 3 ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება.

