ირაკლი ღარიბაშვილი ილია II-ს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს.

“თითქმის ხუთი ათწლეულია მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს.

მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან; დედა-ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებასთან; საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების, სულიერი განათლების აღორძინებასა და მრავალ სხვა სიკეთესთან. ეს უდიდესი ღვაწლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ოჯახთან ერთად შევხვედროდი მის უწმინდესობას და პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.

დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!”-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *