- თბილისის მერიაში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის შესრულებულია დაპირება, რომელიც შეეხებოდა 15 სექტებრისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის გახსნასა და სატრანსპორტო გადაადგილების აღდგენას.
„რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ გამზირის მოწესრიგება და განახლება. ბევრჯერ გვითქვამს, რომ პირველი, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართულია სამუშაოებში. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს. ჩვენი დაპირება იყო, რომ 15 სექტემბრამდე ერთი გარკვეული მონაკვეთი გაკეთდებოდა და ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნებოდა. ცხადია, სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. ეს დაპირება შესრულდა და დღეს ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. საუბარია ჭოველიძის ქუჩიდან ყოფილ ელბაქიძის აღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, რამაც გარკვეულწილად შეამსუბუქა ის მძიმე მდგომარეობა და დისკომფორტი, რაც გაადგილების თვალსაზრისით იყო დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით ნოემბრის ბოლომდე დარჩენილი დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხვაგვარად მსგავსი მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.
„ნოემბრის ბოლოს უნდა დავამთავროთ ყველაფერი. მანამდე შეზღუდვები იქნება და გადაადგილების დისკომფორტიც გვექნება, რისთვისაც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. მადლობა კიდევ ერთხელ იმ ადამიანებსა და კომპანიებს, ვინც ჩართულია სამუშაოებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. ცენტრის შესაქმნელად, მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.
„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ პროცესში თბილისის მერიაც აქტიურად მონაწილეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.
„ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს. ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურ, უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება რეკრეაციულ პროექტებზეც გამახვილდა. კერძოდ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩა N3-ში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 16 ჰექტარზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული რეკრეაციული სივრცე, ზღვისუბნის პარკის შემდეგ, მასშტაბით დედაქალაქში სიდიდით მეორეა.
„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი, ასევე, კინოლოგიური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დარჩენილია მცირე მასშტაბის სამუშაოები, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება.
„ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, რითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. უახლოეს დღეებში ადგილზე მივალთ და დავათვალიერებთ განხორციელებულ სამუშაოებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ 2026-2027 სასწავლო წლის რეგისტრაციის შედეგად, თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა, ამ ეტაპისთვის კი ვაკანტურია 8 000-ზე მეტი ადგილი.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. წლევანდელი რეგისტრაციის შედეგად, თბილისის საბავშვო ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით გვაქვს 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. რაც შეეხება ბავშვთა სრულ რაოდენობას, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღები 60 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს საინტერესო სიახლეებით ხვდება. კერძოდ, მერის განცხადებით, აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღო თბილისის N168 საბავშვო ბაგა-ბაღმა.
„ეს გახლავთ სრულიად ახალი საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე. ის 12 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. ამჟამად ბაღში 150-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის ბაღებში გასულ არდადეგებზე სხვა ინფრასტრუქტრული პროექტებიც განხორციელდა. კერძოდ, როგორც მერმა აღნიშნა, 24 საბავშვო ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაო, როგორიცაა: ინტერიერის რემონტი, ფასადების განახლება და ეზოს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
„სამუშაოები, რიგ შემთხვევებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა ასევე იმ ბაღებში, სადაც დაწყებულია ან დაგეგმილია ავტორიზაციის პროცესი. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და ეს პროცესი 2030 წლამდე უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა N1-ში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობის ადგილზე კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
მისივე თქმით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დეველოპერთან (შპს „მეგობრობა დიდუბე“) ერთად ითხოვეს თავიანთი ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.
„დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ავარიული საცხოვრებელი სახლები. ჩვენ შევქმენით პროგრამა, რომელიც იძლევა ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ეტაპობრივად ჩანაცვლების საშუალებას. თავიდან ნდობის თვალსაზრისითაც იყო პრობლემები, დღეს კი ამ მხრივ დიდი ინტერესია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ შენობას მეოთხე ხარისხის დაზიანების სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც იქ მცხოვრები 57 ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„კორპუსის ავარიულობიდან გამომდინარე, ჩვენ გავცემთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს, რათა მოხდეს აღნიშნული 14-სართულიანი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი და თანამედროვე კორპუსი აშენდეს, სადაც მესაკუთრეებს გადაეცემათ მათი კუთვნილი ფართები და თანაც გარემონტებულ მდგომარეობაში. შედეგად, 57 ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მანვე მიმართა თბილისში მცხოვრებ აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებს, პროგრამით სარგებლობისთვის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ.
„გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მიიღეთ მონაწილეობა ამ პროგრამების განხორციელებაში. მოგვმართეთ, მზად ვართ, რომ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისთანავე ნებისმიერი ჩანაცვლების პროგრამა განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია დაიწყო.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ, გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მუდმივად აკვირდებიან დედაქალაქში არებულ სიტუაციას, მოძრაობის ნაკადებს, პრობლემურ მონაკვეეთებს, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ის გამოწვევები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც მუდმივად ქაოსური მოძრაობა იყო, შეფერხებით გადაადგილდებოდა როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან „სითი მოლთან“ მისასვლელი ქვეითებისთვის არ იყო მოწესრიგებული, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დაიწყო სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია. სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ, გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ცვლილების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ორგანიზება და გამიჯვნა, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების მოძრაობას კვლავ დააკვირდებიან.
თბილისის მერის თქმით, გადაადგილების ახალი სქემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება გაეცნობა ვიდეორგოლში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მერიის გვერდზეა განთავსებული.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეიდან იწყება განაცხადების მიღება თბილისის მერიის კონკურსის – „შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე.
კახა კალაძის განცხადებით, კონკურსი მეცხრე წელია ტარდება და ამ ხნის განმავლობაში 350-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და მრავალი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა.
„კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და მათი რეალიზებაა. კონკურსი უკვე მეცხრე წელია ტარდება და ამ დროის განმავლობაში, 350-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა. მათ შორისაა, მულტიმედია პროექტები, კომპიუტერული თამაშები ქართული ზღაპრების საფუძველზე, პროექტები თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით; გამოიცა მრავალი სამეცნიერო-პოპულარული წიგნი, შეიქმნა თანამედროვე ხელნაკეთობები, კერამიკისა და ტექსტილის ნამუშევრები და მრავალი სხვა. შემოდგომის სეზონზე, 16 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, განაცხადები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მან მოქალაქეებს კონკურსში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე – www.culture.tbilisi.gov.ge შეუძლიათ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, „თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ ფარგლებში, ცხადდება კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“.
როგორც მან აღნიშნა, კონკურსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზნით ცხადდება კონკურსი – „თქვენზე მორგებული უბანი – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“. ამ საინტერესო პროექტის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. მოგიწოდებთ ყველას აქტრიურობისკენ, მონაწილეობის მიღებისკენ, რომ ერთად გავაუმჯობესოთ კონკრეტული უბნები, არეალები. ჩვენ მოვისმენთ თქვენს იდეებს, ხედვებს და ჩვენი ჩართულობით, კონკრეტული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკონკურსო არეალის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზეა განთავსებული – https://tbilisi.gov.ge/page/3353.
„კონკურსის მიზანია, მივიღოთ პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები, რომლებიც კონკრეტულ ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს – იქნება ეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირი თუ მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა. საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, საჯარო სივრცეებს. დეტალურ ინფორმაციას და ზუსტ საკონკურსო არეალს ნახავთ მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზე – https://tbilisi.gov.ge/page/3353“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
„დღეს დაიწყო „მობილობის ევროპული კვირეული“, რომელსაც დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და დიდი დიღმის ავტობაზას, სადაც გაეცნობიან როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მუშაობის სპეციფიკას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

