- ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები მოიცავს, მათ შორის, ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე.
„ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად სამხრეთ კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთ მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით. ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას.
გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას.
სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

