- საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის ჯგუფურად, უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“ და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.
ასევე, სამი ბრალდებული, ჯგუფურად, უკანონოდ ინახავდა 14 შეკვრად დაფასოებულ, 17.77575 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „4-ცმც-ს (კლეფედრონი)“ და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.”-აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

