პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავა

  • დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი – გია ონიანი, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები – ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი. პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, კერძოდ განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს, გია ონიანმა, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა.

ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, ,,ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის დადგენილების, აგრეთვე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.

სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა.
ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *