- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

