საქართველოს მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებს

  • ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, პარლამენტის წარმომადგენლებთანაც და მივიღეთ ამ მომენტისთვის ერთადერთი შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება – 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს სემეკი, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

„საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, 2021 წელს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს და მათ ოჯახებს ექნებათ კიდევ სხვა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მათთვის დამატებითი გამოწვევა არ გახდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *