საქართველო-სომხეთის საზღვართან მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი, ეგრეთ წოდებული მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდა და ხიდი უკვე ემსახურება ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და მის სტუმრებს.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდი საქართველომ და სომხეთმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს.

ხიდის მშენებლობისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ორ ქვეყანას, ჯამში 7.4 მილიონ ევრომდე გამოუყო.

საქართველოს მხრიდან მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.

ერთობლივი ხიდის მშენებლობა რეგიონში უნიკალური პროექტია. იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ორმა სახელმწიფომ ხიდის მშენებლობის პროექტი ერთობლივად განახორციელეს. EBRD-ის დაფინანსებაც ორ ქვეყანაზე თანაბრად განაწილდა.

ახალი ხიდი არის 4 ზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, რომელსაც ორივე მხრიდან ფეხით მოსიარულეთათვის 2.4 მეტრის სიგანის ტროტუარები აქვს.

ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდი გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების ხარისხს როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის.

სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან არსებული ძველი ხიდი 1960-იან წლებშია აშენებული, არის ვიწრო და ამორტიზებული. ძველ ხიდთან შედარებით, ახალი ხიდის გამტარობა გაორმაგდება, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ახალი ხიდის პროექტში საერთაშორისო სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიები მონაწილეობდნენ. ხიდის მშენებლობა ირანულმა კომპანიამ – “Tunnel Sadd Ariana” განახორციელა, ხოლო მშენებლობას კორეული საერთაშორისო კომპანია – JV of Soosung Engineering Co., Ltd and Korea Consultants International Co. Ltd – ზედამხედველობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *