“სქანი” მეგრულენოვანი ჟურნალი

  • გივი ქარჩავა პირველი მეგრულენოვანი ჟურნალის “სქანის” დამფუძნებელია. ასევე მეგრული ენის აქტივისტია. წარმოშობით ზუგდიდელია და ამჟამად ცხოვრობს თბილისში.

–მოგვიყევით თქვენზე..

-მოგესალმებით თქვენს და “ზუგდიდელები“-ს მკითხველს. ჩემზე მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს და ზოგადად არც ვიცი რა უნდა მოვყვე. ვარ ზუგდიდელი ადამიანი, 37 წლის, დიდი ხანია ზუგდიდში არ ვცხოვრობ და მუდმივად მენატრება ჩემი ქალაქი.

-რატომ მეგრული ჟურნალი?

 -უცნაური კითხვაა. ამ ლოგიკით შეგვიძლია ვიკითხოთ, რატომ ქართული ჟურნალი? ან რატომ ინგლისური? ფრანგული? სომხური? აფხაზური?  მარტივი პასუხი არსებობს ამაზე – იმიტომ, რომ მეგრული ენაა, რომელზეც ასიათასობით ადამიანი მეტყველებს და შესაბამისად მას აქვს უფლება ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რითაც სხვა ენები სარგებლობენ. ასევე, ამ ადამიანებს აქვთ სრული უფლება მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე.

ჟურნალის ყველა ხარჯი, რაც მის გამოცემას შეეხება, იფარება პირადად ჩემ მიერ. ეს არის ერთი ადამიანის შემოწირულობით გაკეთებული ჟურნალი, რომელიც სამწუხაროდ, კომერციულად წამგებიანი პროექტია, საკუთარ თავს ვერ ინახავს, ამიტომაც ყოველი ახალი ნომრისთვის რესურესები თავიდანაა მოსაძიებელი. პირველი ნომრის გამოსვლისთანავე ორმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი შემოწირულობა გაეკეთებინათ – ერთი გახლდათ მამუკა დანელია და მეორე გია ჯიჭონაია. ჯამში 1200 ლარით დაგვეხმარნენ. ეს იყო და ეს. მას შემდეგ არავითარი დახმარება და დაფინანსება არ ყოფილა. არც ვითხოვთ, სანამდეც შევძლებთ, გამოცემა არ შეწყდება.

–მრავლობით რიცხვში საუბრობთ, ჟურნალს გამომცემელთა გუნდი ჰყავს?

-ჟურნალი “სქანი” გამოდის ყოველკვარტალურად. ჟურნალზე ვმუშაობთ ძირითადად ორი ადამიანი – გიგა ქავთარაძე და მე, თუმცა საკმაოდ ბევრი ავტორი გვყავს. სტატიები მოიცავს მრავალ მიმართულებას – ისტორიას, არქეოლოგიას, ენათმეცნიერებას, ეკონომიკას, მითოლოგიას, მედიცინას და ა.შ.

-რატომ “სქანი” და არა სხვა სახელწოდება?

-ამ კითხვაზეც ბევრჯერ გვაქვს პასუხი გაცემული და ცხადია, თქვენც არ დაგზარდებით: – „სქანი“ იმიტომ, რომ მკითხველს ჰქონდეს განცდა, რომ ჟურნალი მისია, მისიანია, რომ ჟურნალის სახით, მას ძალიან ახლობელი და შინაური ელაპარაკება.

-…და როგორია მისი რეიტინგი, რამდენად პოპულარული გახდა?

-ვერაფერს ვიტყვი, რადგან არასოდეს გაგვიზომავს ჟურნალის რეიტინგი. ამასთანავე, ძალიან რთულია ისაუბრო მეგრულენოვანი ჟურნალის რეიტინგზე, რომელსაც ძალიან მცირერიცხოვანი და სპეციფიური გემოვნების მკითხველი ჰყავს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, სოციალურ ქსელში, თუ სხვა საშუალებებით გამოხმაურებებზე დაყრდნობით, ჟურნალს ჰყავს მცირერიცხოვანი, მაგრამ მუდმივად აქტიური და სტაბილური მკითხველი აუდიტორია, რომელიც მის გამოსვლას სულმოუთქმელად ელოდება.

 საინტერესოა, ჟურნლისადმი სახელისუფლებო დამოკიდებულება როგორია?

 -ჟურნალი მესამე წელია უკვე გამოიცემა და ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებისგან ამის თაობაზე რამე კომენტარი გაკეთებულიყო, ან მათი ინიციატივით კომუნიკაცია შემდგარიყო. ხელისუფლების დამოკიდებულებას მე ასე არ გამოვყოფდი კონკრეტულად ჩვენი ჟურნალის მიმართ, არამედ უფრო ფართო სპექტრით შევხედავდი – ხელისუფლების დამოკიდებულება მეგრული ენის პრობლემების მიმართ არის აბსოლუტურად არასამართლიანი. მეგრული ენა ყოველმხრივ იგნორირებულია სახელმწიფოს მიერ და ის წარმოადგენს მხოლოდ ეთნოგრაფიულ მოცემულობას, მეტს არაფერს. ხოლო ის ფაქტი, რომ მეგრული ენა გახლავთ ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქის მშობლიური ენა და მას სჭირდება სტატუსი ყველა თანმდევი ატრიბუტითურთ, ამ სახელმწიფოსთვის ტაბუდადებული თემაა. უნდა ავხსნათ ეს ტაბუ, თან რაც შეიძლება მალე.

–თქვენი აზრით, მეგრული ენა სკოლებში უნდა ისწავლებოდეს?

-ჩემი აზრით, მეგრული ენა სკოლებში უნდა ისწავლებოდეს. მეტიც – მეგრულს უნდა ჰქონდეს რეგიონული ენის სტატუსი სამეგრელოსა და აფხაზეთში, უნდა არსებობდეს ბეჭდური, ინტერნეტ, თუ ტელემედია ამ ენაზე. უნდა იბეჭდებოდეს წიგნები, იმართებოდეს კულტურული ღონისძიებები და ა.შ. მეგრული ენის უფლებრივი მდგომარეობა უნდა გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის მთავარი ენა ქართულთან ერთად. მხოლოდ ეს თუ უშველის იმ კატასტროფულ სურათს, რაც დღეს გვაქვს – ზუგდიდში, საჯარო, თუ არასაჯარო დაწესებულებებში უკვე გამქრალია მეგრული ენა, მაღაზიაში, აფთიაქში, ბანკში, არსად მეგრულად არ დაგელაპარაკებიან – ერთის მხრივ იმიტომ, რომ “უტყდებათ“, მეორე მხრივ იმიტომ, რომ პირდაპირი მითითება აქვთ ხელმძღვანელობისგან, რომ მეგრულად არ ისაუბრონ. გაიარეთ ზუგდიდის ქუჩებში და ნახეთ ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში რა სივრცე უჭირავს მეგრულს? არანაირი. სახლში მათ ქართულად ესაუბრებიან, ერთმანეთში ქართულად საუბრობენ და ასე დაკარგა მეგრულმა ადგილი მათ ყოველდღიურობაში. ეს მოხდა უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში, მანამდე, ჩემს ბავშვობაში, ასეთი კატასტროფული სურათი არ გვქონდა.

–როგორია თქვენი დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე, რას ფიქრობთ  საქართველოს ევროპულ მომავალზე?

-ვფიქრობ იმას, რასაც უნდა ფიქრობდეს ყველა – საქართველოს ევროპული მომავალი უალტერნატივოა, ამისათვის კი, არსებული პრორუსული მთავრობა რაც შეიძლება მალე უნდა მოშორდეს ხელისუფლებას. როგორც გნებავთ ისე განსაჯეთ – ერთადერთი ხსნა სახელმწიფოებრიობის გადარჩენისა არის ევროპაში. თუნდაც იმ კუთხით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ – ევროპული სახელმწიფო პირდაპირი გარანტია იმისა, რომ მეგრულ, სვანურ, ლაზურ და ბაცბურ ენებს ამ ქვეყანაში ექნებათ სტატუსი და გადარჩებიან.

–სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ..

ბევრს ვერაფერს გეტყვით. რაც ვიცი ისაა, რომ მეგრულის პოპულარიზაციის მიმართულებით არ გავჩერდებით. გააგრძელებს „სქანი“ გამოსვლას, შეიძლება სხვა ჟურნალი ან გაზეთიც გაჩნდეს,  გამოვა წიგნები, მოეწყობა სემინარები და კონფერენციები. ძალიან მინდა, რომ მეგრულენოვანი მულტიმედია პროექტები განვახორციელოთ და იმედი მაქვს, რომ ამასაც შევძლებთ უახლოეს მომავალში.

რინა მარგალურ ნინას!

მადლობა საუბრისთვის.

საუბარი ჩაიწერა მარიამ კუტალიამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *