ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე მ. მ. დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.მ, რომელიც იყო უძრავი ქონების რეალიზაციით დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, საქართველოში ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორს შეუთანხმდა, რომ გაუწევდა მას მომსახურებას კონკრეტული მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვების მოპოვებაში და შესაბამისი თანხმლები დოკუმენტების მომზადებაში, რის შემდეგაც, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ხსენებული მომსახურების თითქოსდა შესრულებისათვის ბრალდებულმა სხვა პირთა დახმარებით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები – არქიტექტურული და საინჟინრო კომუნიკაციების პროექტები, გეოლოგიური დასკვნები, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა დამკვეთის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 707 449 აშშ დოლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიება გრძელდება აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *