- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში (1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით) სამეგრელო-ზემო სვანეთში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 64 ფაქტი დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილზეა იმერეთისა (105 ფაქტი) და მცხეთა-მთიანეთის (84 ფაქტი) შემდეგ.
საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით ბრაკონიერობის 491 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 247 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. უკანონოდ მოპოვებული თევზის საერთო ოდენობა დაახლოებით 550 კილოგრამს შეადგენს.
რეგიონული სტატისტიკა ასე ნაწილდება: იმერეთი -105 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთი – 84 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 64 ფაქტი, ქვემო ქართლი – 54 ფაქტი, კახეთი – 47 ფაქტი, შიდა ქართლი – 37 ფაქტი, თბილისი -16 ფაქტი, გურია – 14 ფაქტი, აჭარა – 11 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთი – 11 ფაქტი.
(დამატებით, 48 ფაქტი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს).
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევები უმეტესად სახლართი ტიპის ბადეებსა და ელექტროიარაღს იყენებდნენ. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის პრობლემურ ლოკაციებზე, 24-საათიან პატრულირებას აგრძელებენ და ცხელ ხაზზე (153) შემოსულ ყველა შეტყობინებაზე მყისიერად რეაგირებენ.

