- 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 – 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე დაგეგმილ მასშტაბურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება, სადაც ახლადაშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენი მოქმედ მაგისტრალურ ქსელს უნდა მიუერთდეს.
გაზმომარაგება შეუწყდებათ შემდეგი მუნიციპალიტეტების ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს:
- დასავლეთ საქართველო: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტებსა და აჭარის რეგიონს.
- აღმოსავლეთ საქართველო: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებსა და დაბა ბაკურიანს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 ნოემბრის 10:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს ეტაპობრივად აღუდგებათ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ განახორციელა და მისი მიზანი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ავარიული გათიშვების რისკების განულებაა. სამუშაოების თარიღი ტექნიკური მზადებისა და 24 ნოემბრის მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით შეირჩა, რათა მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი შეექმნას.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ 2026 წლის ბოლომდე, აჭარის რეგიონში უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად, ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მოქმედ ქსელთან მიერთების სამუშაოებიც იგეგმება.

