სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი ივანიშვილის ფარას და რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

  • საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ მომზადებული სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

“სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი „ქართული ოცნების“ მიერ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის ივანიშვილის „ფარას” წინააღმდეგ.

საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე, ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს. კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას. ჩვენ ვდავობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება. ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს.

სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და „სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის“ ერთობლივად მიმართეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *