ელენე ხოშტარია – უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ

  • უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელიც მის პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

“დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერით და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ეს სანდომიანი მამაკაცი გადაიქცა რუსული სისტემის ჭანჭიკად, რასაც გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. სრული სერიოზულობით გადაწყვიტა, რომ წამიკითხოს „ბრალი“ თავად ამ ბრალის ჟღერადობრივი ნაწილი ჩემში სიცილის დაუოკებელ სურვილს იწვევდა. მართლა ეგონა, რამეს სერიოზული სახით წარმართავდა. ცხადია, შევწყვიტე ეს სპექტაკლი.

კარგად მინდა გესმოდეთ განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამ ფარსში მილიმეტრითაც კი მონაწილეობის მიღება დაუშვებლად მიმაჩნია. გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობის საკითხია „ბანერის დასვრის დიამეტრზე“ საუბარი, პატარა დოზითაც კი მათ სიყალბეში ტექნიკური შეყოლა ამასთან შეგუებაა და ამას მე არ ვაპირებ.

შესაბამისად, უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს შოთა თუთბერიძეს, რომელიც ამ არაორდინალურ ფორმაზე წამომყვა. ბოლომდე!”-წერს ელენე ხოშტარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *