ინფრასტრუქტურის სამინისტრო –  არაგვის ახალი ხიდის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება

  • ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის პირველ მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე არსებული არაგვის ხიდის გვერდით ახალი ხიდის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.  

მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის, ხიდის 4 ბურჯიდან, ფაქტობრივად, ვდასრულებულია 3 ბურჯის მშენებლობა, დამზადებულია მალის ნაშენი და სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული. ხიდის სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, რის გამოც პერიოდულად უტარდება აღდგენითი სამუშაოები. ეს პროცესი დროებით ზღუდავს მოძრაობას ცენტრალურ მაგისტრალზე და დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. არსებული ხიდის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხიდის რეაბილიტაცია ვერ უზრუნველყოფს მის სრულყოფილ აღდგენას და საჭიროა უფრო მასშტაბური სამუშაოები, რაც გამოიწვევს ხიდის ჩაკეტვას 1 წელზე მეტი პერიოდით. რადგან ხიდს არ აქვს ალტერნატიული მარშრუტი და გადაადგილების ასეთი შეზღუდვა მნიშვნელოვან შეფერხებას შექმნის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, უმოკლეს ვადებში მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და დაიწყო მშენებლობა. ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა მომავალ წელს შეძლებს.

მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი საორიენტაციო ღირებულება 20 მილიონი ლარია.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *